X
მისწერე მინისტრს მოითხოვე საჯარო ინფორმაცია

ირაკლი ქარსელაძე აზიის განვითარების ბანკის აღმასრულებელ დირექტორს, რეიჩელ ტომფსონს შეხვდა

12 ივნისი 2023

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე აზიის განვითარების ბანკის (ADB) აღმასრულებელ დირექტორს, რეიჩელ ტომფსონს შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა მიმოიხილეს აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერით საქართველოში მიმდინარე საგზაო, წყალმომარაგების, წყალარინების, საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის და ურბანული განახლების პროექტების განვითარების პროგრესი.

მინისტრმა სტუმრებს მიაწოდა ინფორმაცია მნიშვნელოვანი პროექტების მიმდინარეობაზე და მადლობა გადაუხადა მრავალწლიანი ნაყოფიერი თანამშრომლობისათვის.

რეიჩელ ტომფსონმა, რომელიც აზიის განვითარების ბანკში საქართველოს ინტერესებს წარმოადგენს, დადებითად შეაფასა საქართველოსთან და კონკრეტულად, სამინისტროსთან თანამშრომლობა. მან კიდევ ერთხელ დაადასტურა აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერა და თანამშრომლობის გაღრმავებისა და მეტი პროექტის წარმატებით განხორციელების იმედი გამოთქვა.

სამინისტროში გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი, მინისტრის აპარატის უფროსი თამარ ახვლედიანი, აზიის განვითარების ბანკის საქართველოს მისიის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი კამილ ბოუმედი და ბანკის სხვა წარმომადგენლები.